2010 წლის 9 დეკემბერს ბათუმის მე-11 საჯარო სკოლაში მერი ქუთათელაძისა და შორენა ფოცხიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ჯანსაღი ცხოვრების წესი _ დევიზით ,,ვებრძოლოთ შიდსს და არა შიდსით დაავადებულებს!!!” კონფერენციას ესწრებოდა  საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომა”- თანამშრომლები, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსწავლეების მიერ საკითხის ღრმად შესწავლითა და კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებით.
კონფერენციაზე  ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. დაანახეს თანატოლებს, რომ თუნდაც ერთი ადამიანის მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის გაზიარება და დანერგვა მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს საზოგადოების სხვა წევრებისთვისაც. მოუწოდეს საზოგადოებას, რომ დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც საშუალებას მოგვცემს გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ შიდსი დიდი ხანია გასცდა სამედიცინო პრობლემის ფარგლებს და საფრთხეს უქმნის მსოფლიო საზოგადოების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. არცერთი ქვეყანა არ არის დაცული შიდსის ზეგავლენისგან. ეპიდემიის გავრცელების ტემპის მატებასთან ერთად იზრდება შიდსით დაზარალებული მუშახელის რიცხვი, მცირდება შრომის წარმადობა, მატულობს საწარმოო ხარჯები, მცირდება შემოსავლები, შედეგად ინგრევა ეკონომიკა, ამიტომ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ეს საფრთხე და აქტიურად ჩაებას შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი   მოხსენებებში განხილული იქნა ისტორიული   ცნობები შიდსის შესახებ, აივ ინფექციის გავრცელება საქართველოში და მსოფლიოში, შიდსის გადაცემის გზები და რისკ ჯგუფები, აივ ინფექციის პროფილაქტიკა, კლინიკური ნიშნები, დიაგნოსტიკა, გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩვენებები, შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია. კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, ჩატარდა ვიქტორინა. გამარჯვებულებს გადაეცა საჩუქრები.